ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს ღრმა ძილით მეძინა და ეს წუთია გამოვფხიზლდი, გარე სამყაროს ისე აღვიქვამ როგორც ადამიანი რომელიც უეცრად აღმოჩნდა "მარსზე"
თქვენ ალბათ შეგინიშნავთ რა მშვენიერია როდესაც ფეხის გულებს თბილი ქვიშა გითბობთ, კაბის კალთაზე ზღვის ტალღები გეთამაშებათ, ჰაერი კი სახეზე გელამუნებათ. თუკი თქვენ ოდესმე გიცდიათ ზღვისთვის მოგესმინათ მაშინ გეცოდინებათ რომ ის გიხმობთ -თავისკენ გიზიდავთ, რათა სამუდამოდ ჩაგეჭიდოთ.
- და მეც ამომავალი მზის სხივებისგან გონება ამღვრეული ტალღებს ვუერთდები, თითოეული წამი საუკუნედ იქცევა, ვგრძნობ ზღვის ნაწილი ვხდები, ეს შეუცნობლის შეცნობის დასაწყისია-ეს ის მომენტია რასაც ჩვენ ადამიანები აღმაფრენას ვეძახით და შემდეგ როდესაც ეს აღმაფრენა დასრულდება ჩვენში დარჩება შეგრძნებები რომელსაც ჩვენი მეხსიერებიდან ვერაფერი ამოშლის ,სწორედ ესეთ დროს ვაცნობიერებთ რომ ამ წუთებისთვის ღირდა ცხოვრება.
უცხო სანაპირო, გარშემო იდუმალი სიჩუმე და ფიქრი ... მხოლოდ თოლიების ფრთხიალი და ტალღების ხმა მიფანტავს ფიქრებს, წარმოვიდგენ რომ მზის ამოსვლას თან ერწყმის მზის ჩსვლა
გარიჟრაჟი და შებინდება ...
-ეს ორი მოვლენა რომ დროის ერთ შუალედში გაერთიანდეს რა გველის მაშინ?!
ჭარბი სინათლე ?
თუ უკუნი სიბნელე?
ან იქნებ უცნაური მოიისფრო ციალი ცაზე?
იქნებ დასაწყისისა და დასასრულის შერწყმა, რომლებიც დაუსრულებლად ენაცვლებიან ერთმანეთს, ადამიანებს კი ცხოვრების სიღრმეებისკენ მიაქანებს, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია.
მოულოდნელად ვგრძნობ რომ ეს სრულიად უცხო სანაპირო ჩემთვის ძალიან ახლობელია,რომ გზებს რომლებსაც მე მოვყვებოდი სწორედ აქ უნდა მოვეყვანე რათა მეპოვა საკუთარი თავი და შემეცნო არსებობის არსი.
ისევ თოლიები და ისევ ტალღების ხმა
ისევ ფიქრი და ისევ სიმარტოვე
ზღვა ...და მასთან შერწყმა ...
წუთი ქცეული მარადისობად...
ზღვისგან გამორიყული სხეული
გარშემო თოლიები, ტალღების თამაში ჩემს სხეულზე და შერწყმა მარადისობასთან.
No comments:
Post a Comment